აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დროს 314 ტყვის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ უიტკოფი Х-ზე წერს.
„დღეს, შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ 314 ტყვის გაცვლაზე - ეს პირველი ასეთი გაცვლაა ხუთი თვის განმავლობაში,“ - წერს უიტკოფი.
მისი თქმით, შეთანხმებები მიღწეული იქნა დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების წყალობით.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ეს ნაბიჯები აჩვენებს, რომ მდგრადი დიპლომატიური ჩართულობა ხელშესახებ შედეგებს იძლევა და ხელს უწყობს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის წინსვლას“, - აღნიშნა მან.
უიტკოფმა ასევე განაცხადა, რომ „განხილვები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“.