ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულება ძალაში სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერ ოქტომბრიდან შევა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომელმაც ბრიუსელში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
მისი განმარტებით, დოკუმენტს ხელი ოფიციალურად ივნისში მოეწერება, თუმცა ის რამდენიმე თვის შემდეგ, გარკვეული პროცედურების გავლის საფუძველზე ამოქმედდება.
"სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ახლა დაწყებულია ტექნიკური საკითხების მოგვარება. ხელშეკრულება ივნისში გაფორმდება. ძალაში კი სექტემბრიდან, მაქსიმუმ ოქტომბრიდან შევა" - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს განახევრებული სავიზო მოსაკრებლის გადახდა მოუწევს, გარკვეული მოქალაქეების შემთხვევაში კი ეს გადასახადი საერთოდ განულდება.
"მაგალითად ეს შეღავათი შეეხება სტუდენტებს, სპორტსმენებს, პროფესსორ მასწავლებლებსა და ბიზნესმენებს" - განმარტა გილაურმა და აქვე დასძინა, რომ კიდევ ერთი პრივილეგია, რაც აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს ექნებათ, იმაში მდგომარეობს, რომ მათ გაცილებით გამარტივებული პორცედურებით შეეძლებათ 5 და მეტწლიანი ვიზები აიღონ.
აღსანიშნავია რომ გილაურმა ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას ყურადღება ავიაციის შესახებ ხელშეკრულებაზც გაამახვილა და განმარტა, რომ ამ დოკუმენტსაც ხელი ასევე ივნისში მოეწერება.
"ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ უკვე ნებისმიერ ავიაკომპანიას ექნება შესაძლებლობა თბილისში იფრინოს, ასევე გაიზრდება იმ ქალაქების რაოდენობაც, რომელთანაც საქართველოს დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ექნება. ეს მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ უფრო ინტენსიური კონტაქტები ქონდეს საქართველოს მოქალაქეებს ევროპელებთან და პირიქით.