თბილისში და მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების პრივატიზაცია და იქ არსებული მცენარეების ჭრის პირობების გამკაცრდება. აღნიშნულს, „ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილია.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პირველ კატეგორიას მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისებისა და მათში მშენებლობის განხორციელება იკრძალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, აღნიშნული მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებით. ასევე გათვალისწინებულია მე-2 და მე-3 კატეგორიას მიკუთვნებულ მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისებისა და მათზე მშენებლობის განხორციელებისას ჭრაზე ნებართვის გაცემის წესი და პირობები. კანონის პროექტით, ახლებურად განისაზღვრება ხე-მცენარეებისთვის აღდგენითი ღირებულებების დადგენის წესი. პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული რეგულირების საკრეაციო ზონის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვის უფლება ექნება ქ. თბილისის მერს ქ. თბილისის საკრებულოსთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
კანონპროექტის მიზანია ქ. თბილისში და მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების პრივატიზაციისა და იქ არსებული მცენარეების ჭრის პირობების გამკაცრება, აგრეთვე ქალაქის ფარგლებში განსაკუთრებული რეკრეაციული ზონების შექმნის პროცედურაში საკრებულოს ჩართვა. პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა თბილისში მწვანე ნარგავების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილმა საგანგაშო მდგომრეობამ.