კორუფცია ისეთი თემაა, კი არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარენტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომელიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხი კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი იქნება.
„ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს კიდევ გაფართოვდება სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს, სახელმწიფოს საფუძვლებს ანგრევს. რასაკვირველია, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ და არამარტო რეიტინგისთვის, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია სამართლიანობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.