2010 წლის აპრილში შეიქმნა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური". ოთხი წლის განმავლობაში სამსახურის საქმიანობის მიმართულებები და არეალი გაფართოვდა, გაიზარდა მისი საკადრო შემადგენლობაც და ზოგადად, სამსახურის მნიშვნელობა ქვეყნის საფინანსო სისტემის მოდერნიზების, საჯარო ფინანსების მართვისა და ელექტრონული მთავრობის სტაბილურად ფუნქციონირების საქმეში.
სამსახურს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზარზე, აგრეთვე აქტიურად ჩართულია ელ. მმართველობის განვითარების სფეროშიც. მის შემადგენლობაში შედის 6 დეპარტამენტი და დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი.
საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს შექმნილი აქვს ფინანსთა სამინისტროს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. მაღალი სიმძლავრის სერვერული, ქსელური და მონაცემთა შენახვის სისტემები ყოველდღიურად ამუშავებენ 100 ტერაბაიტამდე მოცულობის ინფორმაციას და ახორციელებენ მილიონობით ტრანზაქციას. ფინანსთა სამინისტროს IT სისტემები სათანადოდ არის დაცული კიბერ-შეტევებისგან თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა - PFMS. ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიხვეწა და ახალი ფუნქციონალი შეიძინეს მისმა შემადგენელმა კომპონენტებმა - ბიუჯეტის მართვის (eBudget), სახელმწიფო ხაზინის მომსახურების (eTreasure), სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის (eDMS), ადამიანური რესურსების მართვის (eHRMS) ელექტრონულმა სისტემებმა. საჯარო ფინანსების მართვის სისტემა ემხახურება 891 საბიუჯეტო/სახაზინო ორგანიზაციას, 4400 შიდა და ნახევარ მილიონამდე გარე მომხმარებელს. სისტემის საშუალებით ხორციელდება გადასახადებისა და მოსაკრებლების ელექტრონულად შეგროვება, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელფასების, პენსიებისა და სხვა ფულადი სახსრების ელექტრონულად გადარიცხვა.
დანერგილია სრულიად ახალი პროდუქტები და სერვისები ელექტრონული მომსახურების სფეროში; მათ შორის: საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), ელექტრონული აუქციონი (eAuction), ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემა (eNRMS), საერთაშორისო დონორული დახმარებების საინფორმაციო სისტემა (eAIMS).
შეიქმნა და ფუნქციონირებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი და სხვა უწყებების 18 ვებგვერდი. მზადების პროცესშია 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაციის ახალი ვებგვერდი.
საფინანსო-ანალიტიკური სამსახური არა მარტო ქმნის პროდუქტებს, არამედ სხვადასხვა უწყებებში ნერგავს მათ და სამსახურის ცხელი ხაზის (1551) და ადგილებზე ტრენინგებისა და კონსულტაციების საშუალებით მომსახურებას უწევს შესაბამის საჯარო მოსამსახურეებს.
სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანური რესურსების განვითარებას, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, დამსახურებულ დაწინაურებას. სამსახურის სწორი HR პოლიტიკის შედეგია ის, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მაღალკვალიფიციური IT პროფესიონალთა გუნდი. მათი პროფესიული ზრდა მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ტრენინგ-კურსების საშუალებით. სამსახურის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მოზიდვა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
სამსახური მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სიახლეებისა და საინფორმაციო პროცესების ბიზნეს-უწყვეტობის უზრუნველყოფას.