კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი კანონზომიერს უწოდებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. "ჯი-ეიჩ-ენისათვის" მიცემულ კომენტარში, ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ეს იყო რიგითი ადამიანების რეაქცია.
„მოვლენები, რომელიც უკრაინაში ვითარდება არის კანონზომიერი შედეგი, რიგითი უკრაინელების რეაქცია კორუმპირებულ და მკაცრ რეჟიმზე, რეპრესიებზე, ცენზურაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ადამიანის უფლებების და თავისუფლების შელახვაზე"- აცხადებს ჩერნოვეცკი.
კიევის ყოფილი მერი განმარტავს, რომ უკრაინაში გასამართ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.
„კატეგორიულად ვაცხადებ, უკრაინაში გასამართ არანაირ არჩევნებში, არც მერის, არც პრეზიდენტის - მონაწილეობას არ ვაპირებ, არანაირ გარემოებაში"- აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
მისი თქმით, მძიმე ბავშვობაგამოვლილმა, ცხოვრებაში დიდ წარმატებებს მიაღწია.
„ცხოვრებაში ბევრს მივაღწიე, რაზეც არც მიოცნებია: 4-ჯერ ვიყავი უმაღლესი რადას დეპუტატი, 2-ჯერ კი კიევის მერი და 2008 წელს„Pravex Bank"-ის 750 მლნ დოლარად გაყიდვის შემდეგ, გავხდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი უკრაინელი. მე 63 წლის ვარ და მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენი ხანი ვიქნები კიდევ აქტიური, როგორც ბიზნესისა და საქველმოქმედო პროექტების ორგანიზატორი და იმის მიუხედავად, რომ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ .....
დრო მაინც თავისას წაიღებს და მე მინდა დარჩენილი დრო მივუძღვნა კონკრეტულად ბიზნესს და ქველმოქმედებას. კიდევ ერთხელ მინდა დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაზედაც ვოცნებობ. ყველა სახის საუბარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ უსაგნოა და უფრო მეტიც პროვოკაციული"- განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ჩერნოვეცკიმ და აღნიშნა, რომ შესაბამისი განცხადება, მან უკრაინული „პროვოკაციული" მედიასაშუალებებისათვის გააკეთა.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მას ბევრი მეგობარი ჰყავს.
„თქვენ მიმაჩნიხართ მეგობრებად და საერთოდ საქართველოში მე მტრები არ მყავს. ვაღმერთებ ადამიანებს და ყველაფერს, რაც უკავშირდება საქართველოს ჩემს მეხსიერებაში. გისურვებთ წარმატებებს"- განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ჩერნოვეცკიმ.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში უკრაინულ მედიაში ჩნდებოდა მოსაზრებები, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევში, მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.