აჭარაში სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა იგეგმება, სადაც ადგილობრივი თაფლი შემოწმდება და საექსპორტოდ მომზადდება. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ განმარტა, ერთ-ერთ ვარიანტად არსებული ლაბორატორიის გადაიარაღება განიხილება. შესაბამისი დაფინანსების მოპოვებისთვის კი სხვადასხვა ქვეყანასთან, გრანტის გამოყოფაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა თუ გრანტის მოპოვება ვერ მოხერხდება, ამის შემდგომ პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ლაბორატორია მხოლოდ აჭარელ ფერმერებს არ მოემსახურება და ის გათვლილი იქნება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ფერმერებსა, თუ მწარმოებლებზე, რომელთაც თაფლის ექსპორტი სურთ.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე აცხადებს, საქართველოს თურქეთში თაფლის შეტანის 200 ტონიანი კვოტა აქვს, თუმცა ქვეყანა ამ კვოტის ათვისებას ვერ ახერხებს და მას შემდეგ რაც ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორია გაჩნდება ექსპორტზე თაფლის გატანაც უფრო მარტივი გახდება.