,,მომხმარებელთა ფედერაცია" მომდევნო თვეში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოწმებას ჩაატარებს. როგორც ,,მომხმარებელთა ფედერაციის" დირექტორმა მადონა კოიძემ საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას აღნიშნა, შემოწმდება ეტიკეტის შესაბამისობა, რაც პროდუქტში ენერგეტიკული ღირებულებების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემადგენლობის გამოკვლევას გულისხმობს.
მადონა კოიძის თქმით, ,პროდუქტი, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების 0,9%-ზე მეტ რაოდენობას შეიცავს მარკირებული უნდა იყოს, ამ საკითხებზე კი მოსახლეობა აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა თავად გააკეთოს არჩევანი. თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს უნდა მას გენმოდიფიცირებული პროდუქტის შეძენა თუ ამგვარ პროდუქტს სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევს.
კოიძის თქმით, ინტერესი გენმოდფიცირებული პროდუქციის მიმართ საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალია.
კვლევა 15 მარტიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაიწყება.
ინფორმაციისათვის: გენეტიკურად მოდიფიცირებული ანუ ტრანსგენური პროდუქტები არის ისეთი პროდუქტები, რომელთა გენეტიკურ ,,ნაკრებში" შეჰყავთ ისეთი უცხო გენი, რაც მას იქამდე არ ჰქონდა. ამის შედაგად ბოსტნეული ან ხილი მისთვის უჩვეულო ახალ თვისებას იძენს, თანაც ამ თვისების წინასწარ დაპროგრამებაც შეიძლება. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით ხდება ორგანიზმის გენეტიკური მასალის იმგვარი შეცვლა, რაც არასოდეს მოხდებოდა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში.