27-28 მარტს, თბილისში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია და ბიზნეს ფორუმი - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" გაიმართება.
ღონისძიების მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება პარტნიორ სახელმწიფოებთან.
კონფერენციის ფარგლებში 28 მარტს გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და გააქტიურონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მთავრობებისა და ბიზნეს წრეების, ევროკომისიის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.