ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენებთან შეხვედრით კმაყოფილია. როგორც ნოდარ ხადურმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, ბიზნესთან რიგ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტურიზმზე, მეცხვარეობაზე და მეფუტკრეობაზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაგრძელდება, რათა არსებული პრობლემები შესაბამისი სამინისტროებისთვის იყოს მიწოდებული.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ის ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში ჩვენ ბიზნესმენებს ინფორმაცია მივაწოდეთ ეკონომიკური აქტიურობის და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020"-ის შესახებ. ბოლო ნაწილში იყო კითხვები და შეფასებები. შემიძლია ვთქვა, რომ შეფასებები იყო დადებითი, რამაც უფრო მეტი სტიმული მოგვცა. კითხვები იყო, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირებასთან და ფინანსურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. იყო კონკრეტული კითხვებიც და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე მიმართულებით: ტურიზმზე, მეცხვარეობაზე, მეფუტკრეობაზე გავაგრძელოთ მუშაობა სამუშაო ჯგუფების მეშვეობით, რათა არსებული პრობლემები შესაბამის სამინისტროებთან ერთად მოვაგვაროთ. მთავარი მაინც ის, რომ პოზიტიური და კარგი შეხვედრა იყო და იყო ორივე მხრიდან სურვილი, რომ არსებული პრობლემები და ხარვეზები ძალიან მალე გამოსწორდეს"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის კახა კოხრეიძის განმარტებით, ბიზნესმა ფინანსთა მინისტრთან ძირითადად საგადასახადო თემატიკაზე ისაუბრა.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო საგადასახადო საკითხები. მთავრობამ წარადგინა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020" პროექტი. მნიშვნელოვანი მიმართულებაა მაკროეკონომიკური საკითხები და საგადასახადო პრობლემატიკა, მომავალში ლიბერალიზაცია საურავებისა და ჯარიმების. ბიზნესისთვის ამ საკითხებში კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი"- განაცხადა კახა კოხრეიძემ.