21 თებერვალს, სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და 7 მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში ახმეტის, ყვარლის, ხაშურის, ქარელის, გარდაბნის, თეთრიწყაროს და ხობის მუნიციპალიტეტი ჩაერთვება.
საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები, ელექტრონულად დაიგზავნება, რაც ადრესატამდე დოკუმენტების ოპერატიულად მიწოდებას, მათ დამუშავებას, რეაგირებას და კონტროლს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში ჩართულ მუნიციპალიტეტებში წერილი, მოთხოვნა ან საჩივარი სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონულად გააგზავნონ და პასუხი ელექტრონულადვე მიიღოს.
კორესპონდენციაზე პასუხის მზადყოფნისთანავე მოქალაქეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით. საჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა კი მოქალაქეს პორტალზე MY.GOV.GE, „შესრულებული დავალებების" სექციაში შეუძლია. მომხმარებელს აქვე ექნება საშუალება, დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები.
საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით მოქალაქეებს, მუნიციპალიტეტებსა და ელექტრონულ პროგრამაში ჩართულ სხვა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გამარტივდება. დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლა დაზოგავს დროსა და მატერიალურ ხარჯებს.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა 2007 წელს შეიქმნა. 2010 წლიდან მისი დანერგვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დაიწყო. დღეისათვის აღნიშნული პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაციაში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში." პროექტის მიზანია ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის საშუალებით მუნიციპალიტეტის ეფექტური მმართველობის ხელშეწყობა.