,,რომ არა ცუდი აჟიოტაჟი ლარის კურსი ასე არ შეიცვლებოდა", _განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
ხადურის განმარტებით, ლარის კურსთან მიმართეაბაში პასუხის გაცემა ფინანსთა სამინისტროს უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროს არ ეხებოდა.
,,მე მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა იმ დამოუკიდებელი ინსტიტუციისადმი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ჰქვია. ის მართლაც არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ის აბსოლუტურად დამოუკიდებელია მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო რატომღაც კურსთან მიმართებაში დაწოლა იყო ფინანსთა სამინისტროზე, თუმცა როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, მოგიწევს პასუხების გაცემა იმ თემზე რომელიც არ გეხება. ჩვენ მუდმივად ვამბობით იმას, რომ კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და რომ აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ იყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არა ცუდი აჟიოტაჟი კურსი ასე არ შეიცვლებოდა. ამაში დამერწმუნებიან კოლეგა ბანკირები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილი, დამერწმუნებიან იმაში რომ ხელოვნური აჟიოტაჟით შევქმენით ორი მოლოდინი: ვისაც ლარი ჰქონდა სასწრაფოდ უნდა მოეცილებინა და ვისაც დოლარი ჰქონდა უნდა შეენარჩუნებინა", _განაცხადა ხადურმა.