1-ელ მარტს, 19:00 საათზე, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში ანსამბლი "ქართული ხმების" სასცენო მოღვაწეობიდან 15 წლის საიუბილეო კონცერტი და CD ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
ანსამბლი "ქართული ხმების" ახალ თაობას სასცენო მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა. ანსამბლმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახალი ალბომი გამოსცა, რომლის საჯარო პრეზენტაცია კონცერტის სახით გაიმართება. პროექტზე ანსამბლის წევრები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. სოლო კონცერტისათვის "ბრავო რექორდსში" მიმდინარეობს ანსამბლის რეპეტიციები და კონცერტის წინამოსამზადებელი სამუშაოები. კონცერტზე შესრულდება 15 მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან სიმფონიური ორკესტრისა და "ბრავო ბენდის" თანხლებით.
"ქართული ხმების" გარდა მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, სალომე ბაკურაძე და ზვიად ბოლქვაძე. კონცერტის რეჟისორი- ბაკურ ბაკურაძე.
მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკლაური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები.
კონცერტს წარმოგიდგენთ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
"ქართული ხმები" უამრავი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე და გრანპრის მფლობელია, ასევე არაერთი საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი და მონაწილე. ანსამბლის წევრები დაჯილდოვებულნი არიან ღირსების ორდენებით. გამოცემული აქვთ ოთხი CD და ორი DVD ალბომი.
კონცერტის მხარდამჭერია: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.