20 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანული კომპანიების წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო. ისინი საქართველოში ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობაზე ბიზნესის სფეროში და იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთაც გერმანული კომპანიები საქართველოში ახორციელებენ.
გერმანელმა ბიზნესმენებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის და იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ქვეყანაში სამეწარმეო და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ გაიზრდება გერმანული საქმიანი წრეების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ, რაც აისახება ინვესტიციების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
საქართველოში გერმანელი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტისას გადაწყდა.
გერმანელი ბიზნესმენები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ქართულ-გერმანულ ბიზნეს შეხვედრაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნება ცალკეული საინვესტიციო პროექტები და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკურ და ბიზნეს წრეებს შორის. შეხვედრას ასევე დაესწრებიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საქართველოს საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების წარმომადგენლები.