იტალიაში რომის პრესტიჟულ თეატრში „ტეატრო ვალე"-ში გაიხსნა ქართული კინოს ფესტივალი „ქართული დუღილი" „Fertmento Georgiano".ფესტივალი იტალიაში საქართველოს საელჩოსა, კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
კინოფესტივალი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმის „შანტრაპა" პრემიერით გაიხსნა. „ტეატრო ვალეში" ოთარ იოსელიანის ნამუშევარი ცნობილმა იტალიელმა მწერალმა და კინოკრიტიკოსმა ენრიკო გეძიმ წარადგინა. ფილმის ჩვენების შემდეგ ოთარ იოსელიანმა მაყურებლის შეკითხვებს უპასუხა.
იტალიაში ქართული კინოს ფესტივალი 2 მარტამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თინათინ გურჩიანის ფილმი - „მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს". ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები", რუსუდან ჭყონიას „გაიღიმე" და გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი".
27 თებერვალს კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მიღება,სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
1 მარტს კი კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მრგვალი მაგიდა, სადაც ეროვნული კინოცენტრის პრეზიდენტი, ნანა ჯანელიძე და კინოცენტრის სხვა თანამშრომლები შეხვდებიან იტალიელ პროდუსერებსა და კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, შეხვედრაზე საქართველოში კინოს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
კინოფესტივალის დახურვის დღეს - 2 მარტს იტალიელ მაყურებელს საშუალება მიეცემა გაეცნოს ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომელსაც რომში არსებული ქართული დიასპორის გუნდი შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ქ. რომში ამ პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ქართული კინოს ფესტივალი საზოგადოების ინტერესთა ათეულში მოხვდა.