20 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის:გ.წერეთლის ქ. 1, ოთახი G106, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს) 15:00 საათზე თემაზე ,,საქართველოს ენერგოთანამეგობრობის წევრობის უპირატესობები და სირთულეები" სემინარი გაიმართება. სემინარის შედეგად ენერგეტიკის სექტორის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს და მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაათვითცნობიერონ ის სარგებელი, რომელსაც მოიტანს საქართველოს მოსალოდნელი გაწევრიანება ენერგოთანამეგობრობაში. ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მოხდება ენერგეტიკის სექტორის ჰარმონიზება ევროკავშირის სტანდარტებთან და მისი გარდაქმნა უფრო გამჭვირვალე თანამედროვე მოდელის მიხედვით. სემინარზე ასევე განიხილება ის გამოწვევები, რომლებიც შესაძლოა წამოიჭრას სექტორის რეფორმირების პროცესში. აღნიშნული რეფორმების განხორციელება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების არსებითი პირობაა.
სემინარში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ენერგეტიკაში გიუნტერ ოტინგერი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.
ენერგოთანამეგობრობა 2005 წელს, ათენის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მისი მიზანი ევროკავშირის შიდა ენერგოპოლიტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონზე გავრცელებაა. საქართველომ ენერგოქარტიის წევრობაზე განაცხადი 2013 წლის იანვარში შეიტანა.