პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების განხილვისას, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
გიორგი ცაგარეიშვილმა აკაკი ბობოხიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბოთლი ესროლა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ გია ცაგარეიშვილმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა აკაკი ბობოხიძის რეპლიკა. მან ცაგარეიშვილს "დუქნის ლომი" უწოდა, რასაც ცაგარეიშვილის მიერ აკაკი ბობოხიძის მისამართით "ბორჯომის" ბოთლის სროლა მოჰყვა. ბობოხიძეს ბოთლი არ მოხვედრია.
გიორგი ცაგარეიშვილი კი მანდატურის სამსახურის თანამშროლმლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ნაციონალები" არჩევნებს აყალბებდნენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის მანდატი ისე მიიღო, რომ არ ეკუთვნოდა. დეპუტატების დაწყნარებას პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა.
„გაიყვანეთ დარბაზიდან გიორგი ცაგარეიშვილი. ბატონო გიორგი დროებით დატოვეთ დარბაზი. მანდატურებს ვთხოვ, ბობოხიძე ტრიბუნიდან ჩამოიყვანონ. კარგია, კარგია შეუსრულეთ როლი," - განაცხადა უსუფაშვილმა.