18 თებერვალს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი სახელწოდებით: „ეკონომიკური ზრდის გამოწვევები საქართველოსთვის," რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერმა (Hans Timmer), რომელიც საქართველოში სწორედ აღნიშნულ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ფორუმს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, სამინისტროების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები.
ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები - ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020" პროექტი.
სტრატეგიაში ასახულია ის მექანიზმები და ინდიკატორები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა, მათ შორისაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, აგრეთვე, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი წინაპირობების შენარჩუნება, როგორიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობა, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა.
„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა. წინა ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა, რეალურად, ხელისუფლება უხეშად ერეოდა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც თავისი უარყოფითი შედეგები გამოიღო. ეკონომიკური ზრდა არ აისახებოდა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, საქართველოში შექმნას ბიზნესის წარმოების ისეთი გარემო, როდესაც ყველა მეწარმე ბიზნესის წარმოების ერთნაირ წესებს დაემორჩილება," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„აღნიშნულ სტრატეგიაზე გასული წლიდან საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობთ საერთაშორისო დონორებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან. ვეცადეთ სტრატეგია ყოფილიყო ყოვლისმომცველი. გავწერეთ გზები, თუ როგორ უნდა აისახოს ეკონომიკური ზრდა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, როგორ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორი უნდა იყოს ბიზნეს გარემო იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
"მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ ფორუმზე პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა მთავრობის ხედვა ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების კუთხით. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ფოკუსირებას იმ სფეროებზე გეგმავს, სადაც მეტი სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება.
დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია, როგორ უნდა მოხდეს იმ უპირატესობების იდენტიფიცირება, რაც შეიძლება ადგილობრივ წარმოებას გააჩნდეს. იქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ასევე ახალი ტექნოლოგიების სააგენტო. ეს აუცილებელია განსაკუთრებით იმ გარდამავალ პერიოდში, როდესაც საქართველო ხელს აწერს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებას, რათა ქართული ბიზნესი ევროკავშირის ბაზარზე შესვლას მომზადებული დახვდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„საქართველოს ძირითად გამოწვევებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების მცირე ტემპით ზრდა. ამ თვალსაზრისით აუცილებელია კერძო სექტორის აქტიურობა, რადგან სწორედ კერძო სექტორი ასაქმებს მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს, ამიტომ საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწოს აღნიშნული სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, გამოწვევებს შორისაა, შესაბამისი უნარების მქონე სამუშაო ძალა. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ ყურადღების გამახვილებას და პროფესიული განათლების განვითარებას. ასევე, პრობლემურ ასპექტს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. როგორც წესი, მოსახლეობის დაახლოებით 50% სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროში პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდას, რაც დღეს საქართველოში არ არის იმდენად განვითარებული, როგორც ევროპის ქვეყნებში, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჰენრი კერალიმ.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რაც ძალიან იმედისმომცემია. სტრატეგია მიმართულია კონკურენტუნარიანი საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად, ბიზნესის წარმოების ხელშეწყობისკენ. აგრეთვე, დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორიცაა: განათლების დონის ამაღლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას და ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირებას," - აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერმა.
„ჩვენი მიმართულებით საუბარია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შესაბამისი სტრატეგიის მიღების აუცილებლობაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელებაზე. განსაკუთრებული აქცენტი ფისკალურ დეცენტრალიზაციას ეხება. უნდა აღინიშნოს ის, რომ თვითონ საავტომობილო გზების განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი სამინისტროს სტრატეგიაში მოცემულია შემდგომი 4 წლისთვის განსახორციელებული ღონისძიებები და ეს დოკუმენტი ძალიან მალე გამოქვეყნდება", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურს მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
,,სტრატეგიაში საუბარია ინკლუზიურ განვითარებაზე ანუ ისეთ განვითარებაზე, რომლის შედეგებსაც იგრძნობს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ლაპარაკია სოფლის მეურნეობაში ეფექტიანობის ზრდაზე, საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეაბილიტაციაზე, რა მიმართულებითაც ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად ვმუშაობთ. საუბარია ქართველი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, რათა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის განვითარება," - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა გასულ წელს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყეს.
ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი ყველა სამინისტროს, ექსპერტების, ეროვნული ბანკის, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა.
დოკუმენტის პროექტის ნახვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე: www.mof.ge ; www.economy.ge.