,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განაცხადებით, ხვალ, მის პარტიას 65 ათასი ლარი ჩამოეჭრება.
„მოგეხსენებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოღებული სადამსჯელო კანონპროექტების შესაცვლელად, ჩვენ სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ დაგვაჯარიმეს 65 ათასი ლარით. ახალმა ხელისუფლებამ დააჯარიმა „დემოკრატიული მოძრაობა", პარტია, რომელიც დაარსების დღიდან შეუპოვრად იბრძოდა ქვეყნის დემოკრატიისათვის, რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ქვეყანაში აღარ არის სააკაშვილის რეჟიმი და იმაში, რომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა" „ქართული ოცნების" ძალისხმევის შედეგად ამოღებულია იმ პარტიების ნუსხიდან, რომელთაც ენიჭებათ კვალიფიციური პარტიის სტატუსი, რომელთაც აქვთ დაფინანსება. ამ ფონზე პარტიას იმ თანხასაც ართმევენ, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მიიღო და რომლის დახარჯვაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჰქონდა გადაწყვეტილი.
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ქმედებას უსამართლობად აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ" მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომ დაჩქარებული წესით განეხილათ აღნიშნული საკითხი, პარტიას პასუხი არ მიუღია და ხვალ მისი ანგარიშიდან ჩამოიჭრება აღნიშნული თანხა.
„ეს არის პირდაპირი მცდელობა, ხელი შეუშალონ „დემოკრატიულ მოძრაობას" ვაწარმოოთ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ძალიან ეშინიათ „დემოკრატიული მოძრაობის". ეს არის სამარცხვინო ლაქა ახალი ხელისუფლებისათვის, ხელისუფლებისათვის, რომელიც 50 ათასიან ჯარიმას უწესებს მერს, რომელსაც 50 მილიონის გაფლანგვას ედავება, ჩვენ კი გვართმევს 65 ათას ლარს უსამართლოდ, უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ ეშინია ქვეყანაში რეალური კონკურენციის და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მოსამართლემ, რომელმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. პარტიას ერთადერთი გზა აქვს, რომ გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება იმ სასამართლოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ასე ძალიან მოსწონს.
„რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმედი, რომ კუბლაშვილის სასამართლოში რაიმეს მივაღწევთ. ერთიც საინტერესოა, დღევანდელმა ხელისუფლებამ არც ის კანონი შეცვალა, რომელიც თავის დროზე ჩემს დასასჯელად შემოიღო სააკაშვილმა და ბაქრაძემ სასწრაფო წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაჩენი შედის ძალაშიდა თუნდაც შემდეგ გამართლების შემთხვევაში თანხა გადახდილი რჩება და შემდეგ უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ ეს თანხა დაიბრუნო. ეს უბრალოდ ვერ მოესწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ანუ ჩვენ, 65 ათასი ლარი ამ არჩევნების წინ უბრალოდ წაგვართვეს!"- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.