"საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის" დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N17 ბრძანება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
აღნიშნული წესი წარმოადგენს მოვლენათა სავალდებულო შეტყობინების სისტემას და მისი მიზანია, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენცია, ზოგადად კი საქართველოს საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება. ყველაფერი ეს მოხდება საავიაციო მოვლენის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების, შეგროვების, შენახვის, დაცვის, შეფასებისა და გავრცელების გზით.
ნორმატიული აქტი, შემუშავებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-19 დანართის ("უსაფრთხოების მართვა"), აგრეთვე,ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/42 დირექტივის საფუძველზე და მასში გათვალიწინებულ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
"საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის" თანახმად, სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება ნებისმიერი საავიაციო მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე გამოეწვია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფ სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, მასზე მყოფ პირ(ებ)ზე ან სხვა ნებისმიერ პირზე, ან საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოდ უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე.
ნებაყოფლობითი შეტყობინების ფარგლებში,სააგენტო უზრუნველყოფს ისეთი სახის ინფორმაციის მიღებას, რომლის წარდგენა არ არის სავალდებულო, მაგრამ წარმდგენ პირს მიზანშეწონილად მიაჩნია სააგენტოს ინფორმირება. ნებაყოფლობითი შეტყობინების წარდგენა შესაძლებელია კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით
სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით და გაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიმწოდებელი პირის პირადი მონაცემების ანონიმურობის უზრუნველყოფას.
ახალი რეგულაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, საქართველოში მოქმედ შესაბამის ავიასაწარმოებს 29 აპრილს, სააგენტოში დაგეგმილ შეხვედრაზე ექნებათ.