ევროპის საავიაციო კანონმდებლობის დახვეწაში ქართელი სპეციალისტებიც არიან ჩართულნი. როგორც საქართველოს სამოქალაო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ითვალისწინებს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და წევრი სახელმწიფოების ტექნიკური ექსპერტების ერთობლივ თანამშრომლობას, რომელიც საბოლოოდ ევროპული ერთიანი ცის რეგულაციის შექმნაში აისახება.
ამისთვის, ტექნიკური დავალების შესაბამისად შეიქმნა სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურების/მართვის ჯგუფი, რომლის მიზანია ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის (სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურება) ტრანსპოზიცია/გადმოტანა ევროპულ საკანონმდებლო ჩარჩოში. აღნიშნული დანართის გადმოტანის შედეგად შეიქმნება ევროპული ერთიანი ცის საავიაციო რეგულაციის პროექტი, რომელიც შემდგომი დამტკიცებისთვის ევროკომისიას წარედგინება.
ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა, ქ. კიოლნში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სათავო ოფისში, 28-30 იანვარს გაიმართა და მასში წევრის სტატუსით, მონაწილეობა სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ვლადისლავ ყულჯანიშვილმა მიიღო.
კანონშემმუშავებელი ჯგუფის მუშაობის პრინციპი და სამუშაო შეხვედრების რაოდენობა EASA-ს ევრორეგულაციების შემუშავების პროცედურის შესაბამისად განისაზღვრება. ჯგუფი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების, მარეგულირებელი ორგანოების, აგრეთვე ევროპული ორგანიზაციებისა და საწარმოების წარმომადგე-ნლებისაგან შედგება და მის შემადგენლობაში სააგენტოს ჩართვა EASA-სა და საქართველოს შორის, 2009 წლის 7 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჩართულობა ასეთი სახის ჯგუფის მუშაობის პროცესში უპრეცენდენტოა და ამით სააგენტომ კიდევ ერთი მყარი ნაბიჯი გადადგა ევროპული საავიაციო სტრუქტურებში ინტეგრაციისა და უსაფრთხოების ამაღლების კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები