„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ეხმიანება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ვლადიმერ პუტინის რეპლიკაზე მხარეთა შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით. კერძოდ, ასოციაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პუტინის მესიჯის ანალიზი და მასზე რეაგირება განხორციელდება კონსულტაციების შემდეგ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახლადრეგლამენტირებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების რეალურ ამოქმედებას. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ნორმა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს ანიჭებს უფლებამოსილებას აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებთან იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მთავრობასთან წინასწარი შეთანხმება. ამდენად, ქარწყლდება საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში წარმოშობილი შეხედულება, რომლის თანახმადაც ქართულ რეალობაში გართულდებოდა სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი ერთპიროვნული მმართველობის ფორმიდან საარბიტრაჟო კომპეტენციების მქონე ინსტიტუტად უმტკივნეულოდ ჩამოყალიბებულიყო.
ამავე ჭრილში მნიშვნელოვანია უშუალოდ პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსის მიმოხილვა. საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს პრეზიდენტი წარმართავდა და ახორციელებდა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, იგი იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. ხსენებული ფორმულირება ქმინდა კიდეც პრეზიდენტის მიერ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრაქტიკულად ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმურ საფუძველს. რაც შეეხება კონსტიტუციის 69-ე მუხლის ახლადამოქმედებულ რედაქციას, საქართველოს პრეზიდენტი აღარ წარმართავს ქვეყნის საგარო პოლიტიკას და აღარ არის ერთპიროვნული ფლაგმანი - „საქართველოს უმაღლესი წარმომადგნელი" საგარეო ურთიერთობაში, არამედ იგი „წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში". ზემოთქმულიდან გამომდინარე, მისასალმებელია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სხვა სახელმწიფოს მეთაურთან შესაძლო შეხვედრის დაგეგმვამდე გამართოს კონსულტაციები სახელისუფლებო განშტოებებთან.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის შემოთავაზების ფორმიდან და საკითხის მნიშვნელობის, სახელდობრ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირთან კომუნიკაციას, ასოციაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ კონსტულტაციების გამართვას არამარტო მთავრობასთან, არამედ, საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კონკრეტულ საკითხებზე კონსულტაციების გამართვა, რომელიც შეიძლება დღის წესრიგში დადგეს შეხვედრის დროს, უპირველესად აუცილებელია ხსენებული ინიციატივის ავტორმა გამოავლინოს მეტად მკაფიო პოზიცია თავად შეხვედრის ფორმატის შესახებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, არის საკითხთა კატეგორია, რომელზეც კომპრომისი გამორიცხულია" - აცხადებენ ორგანიზაციაში.