ქობულეთში მცხოვრები იპოთეკარებისათვის შეღავათიანი სესხების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე განმარტავს, სესხს „ლიბერთი ბანკი" გასცემს და მისი საპროცენტო განაკვეთი 15 %-ი იქნება, სადაც 12 %-ს სახელმწიფო დაფარავს.
„ გასულ წელს აჭარის მთავრობის მიერ შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2008 წლის მოვლენების შედეგად დაზარალებული პრობლემური სესხების მქონე მოსახლეობის მდგომარეობა და გამოავლინა 94 ოჯახი. ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოეთ სხვადასხვა ბანკთან და "ლიბერთი ბანკი" წამოვიდა ჩვენს პირობებზე. ბანკის პირობის თანახმად, სესხი გაიცემა წლიური 15-პროცენტიანი განაკვეთით. სესხის 12 პროცენტს სამი წლის განმავლობაში დაფარავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო დანარჩენ 3 პროცენტს თავად მსესხებელი გადაიხდის. სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდა თვითონ მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს. თუკი თანადაფინანსების შემდგომ პერიოდში დარჩენილი ვალის გადახდის პირობები გადამხდელს არ დააკმაყოფილებს, მას თავისუფლად შეეძლება გადავიდეს მისთვის სასურველ საპროცენტო განაკვეთის მქონე ბანკში და წინასწარი დაფარვის საკომისიო არ გადაიხადოს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 წელი, რომლის განმავლობაში წინასწარ დაფარვის საკომისიო იქნება ნული. პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება"- აცხადებს ხაბაძე.