10-12 თებერვალს ქ.თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, PEMPAL-ის პროგრამის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) ფარგლებში, ტარდება საერთაშორისო სემინარი თემაზე: „საჯარო სექტორის აღრიცხვა და ანგარიშგება". კონფერენციაზე საქართველოს მხარეს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. ღონისძიებაში მონაწილეობენ სახელმწიფო ხაზინების ხელმძღვანელები და საფინანსო სფეროს სხვა წარმომადგენლები ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნიდან.
10 თებერვალს კონფერენცია გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე დონორი ორგანიზაციების როლზე, კონკრეტულად PEMPAL-ის პროგრამის მნიშვნელობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს Pempal-ის კონფერენციას, რომელიც საჯარო ფინანსების მართვის სფეროში სამი მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ბიუჯეტის, ხაზინის და ბუღალტრული აუდიტის, ასევე შიდა აუდიტის მიმართულებით. აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ეძღვნება. ჩვენ გავუზიარებთ გამოცდილებას და იმედია, მივიღებთ საინტერესო შენიშვნებს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
კონფერენციის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან საქართველოში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, აგრეთვე, ზოგადად, სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმებს. PEMPAL-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყანებში არსებული საჯარო სექტორის აღრიცხვა-ანგარიშგების საუკეთესო პრაქტიკა. პრეზენტაციებთან ერთად ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს მცირე თემატური ჯგუფების შეხვედრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები, საჯარო აქტივების აღრიცხვა და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება. სემინარი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაუზიარონ ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოცდილება.
კონფერენციის გამართვის ხარჯები სრულად იფარება PEMPAL-ის პროგრამის ბიუჯეტიდან.
საქართველოს მხარე სახელმწიფო ხაზინისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მართავს მხოლოდ ერთ ოფიციალურ სადილს რესტორან „ფუნიკულიორში" ასევე, სახელმწიფო ხაზინისაგან ყველა სტუმარს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი - ერთი ბოთლი ქართული ღვინო „საფერავი".
PEMPAL-ი (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამა დააფუძნა მსოფლიო ბანკმა 2005 წელს. პროგრამის მიზანია სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით. პროგრამა აერთიანებს ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 21 ქვეყნის წარმომადგენლებს.