სახელმწიფოსა და ყაზახურ ინვესტორ კომპანიას შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. 10 თებერვალს, 15:00 საათზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით ყაზახური კომპანია "აკსაი-ბიემსი" პრესკონფერენციას გამართავს. ყაზახურ მხარეს წარმოადგენს ერისთავის იურიდიული ჯგუფი.
2013 წლის 9 ოქტომბერს კომპანია შპს "აკსაი-ბიემსი"-მ სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ასევე ნავთობისა და გაზის სააგენტოს სახელზე, სახელმწიფოს მიერ ლიცენზიის ცალმხრივად უკანგამოთხოვნის გამო.
შპს "აკსაი-ბიემსი" ყაზახური სააქციო საზოგადოება "მანგისტაუგეოლოგიი"-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 50 წელზე მეტი ხანია წარმატებით ახორციელებს ჭაბურღილების ბურღვას და სარემონტო სამუშაოებს ყაზახეთის ბაზარზე.
კომპანია "აკსაი-ბიემსი"-მ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა და დაასაქმა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანიამ სამუშაო პროგრამის პირველი და მეორე ეტაპები წარმატებით შეასრულა.
საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წელს კომპანიამ მიიღო ლიცენზია ნახშირწყალბადის ძიებაზე და მოპოვებაზე. იგი დაინტერესებულია სამუშაოების გაგრძელებით და საქართველოში 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებით.
კომპანიას სურს დავის მშვიდობიანი დარეგულირება, მაგრამ მოპასუხე- ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ნავთობისა და გაზის სააგენტო არ დათანხმდა მშვიდობიან დარეგულირებას.
ამ შემთხვევაში, კომპანია იძულებული იქნება მიმართოს ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟს, რომელიც მითითებულია კომპანიის და სახელმწიფოს შორის დადებულ პროდუქციის გაყოფის ხელშეკრულებაში.