ხვალ, 10 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საქართველოს ყრუთა კავშირს ეწვევა და სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ხელების ძალა მუსიკაში" შედეგებს შეაჯამებს.
პროექტი „ხელების ძალა მუსიკაში", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სიმღერების ადაპტირება სმენადაქვეითებულთათვის, დაიდგა ქართული და ევროპული ცეკვები, ასევე, მოეწყო ყრუთა კავშირის ბენეფიციარების გასვლითი კონცერტი ქ. ქუთაისში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ყრუთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა სილამაზის კონკურსი სმენადაქვეითებულ გოგონათა შორის „მის საქართველო 2013". კონკურსზე გამარჯვებული გოგონა ჩეხეთში საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.
გურამ ოდიშარია ყრუთა კავშირის ბენეფიციარებს კულტურის სამინისტროს ახალ ინიციატივებს გააცნობს, რომლებიც მიზნად ისახავს სმენადაქვეითებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და კულტურის სფეროში მათ ჩართულობას.