თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თებერვლის ბოლოდან 600 ათასი პირის მგზავრობის ხარჯის დაფარვა სხვა პროექტების ხარჯზე მოხდება. აღნიშნული განცხადება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები საქალაქო სამსახურების თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ გააკეთა, რომელიც საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდა. ჯოხაძის თქმით, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ავტობუსების შესაძენად ტენდერი თავიდან გამოცხადდება. რაც შეეხება 600 ათასი პირის მგზავრობისთვის დაწესებულ შეღავათს, ამ მიმართულებით თებერვლის ბოლოდან პრობლემებია მოსალოდნელი.
"თებერვლის ბოლოდან ერთი მეთორმეტედით ამ მუხლის დაფინანსება უკვე ამოწურული იქნება და იძულებული ვიქნებით, გავაჩეროთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და დავაფინანსოთ მგზავრობის კომპენსაციის მუხლი", - აღნიშნა აკაკი ჯოხაძემ.
აკაკი ჯოხაძე ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა ბიუჯეტში პრიორიტეტების გაწერა სწორად მოხდეს.
დედაქალაქის მერია საკრებულოსგან საკუთარი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენას ელოდება, რის შემდგომაც მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერების შედეგად ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში ხელახლა იქნება წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები