თხილის ექსპორტი 94 %-ით გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველოდან 30,251.6 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2012 წელს საქართველოდან 15,625.6 ტონა თხილია გატანილი. როგორც „საქსტატში" განმარტავენ, 2013 წელს საქართველოდან 166 მლნ 629 ათას 800 დოლარის ღირებულების თხილია გატანილი, ხოლო 2012 წელს კი უცხოეთის ბაზრებზე სულ 83 მლნ 588 ათას 300 დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით თხილის ექსპორტი გერმანიასა და ყაზახეთში ხორციელდება. 2013 წელს გერმანიაში 7,795.9 ტონა თხილის ექსპორტი მოხდა, ხოლო ყაზახეთში კი - 5,555.8 ტონის. გერმანიისა და ყაზახეთის შემდეგ, საქართველოსთვის თხილის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია იტალიაც, სადაც 2013 წელს 3,069.4 ტონა თხილი გაიტანეს.