დღეს, 7 თებერვალს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ფრანგი მწერლის, იასმინა რეზას პიესის „ჟლეტის ღმერთი" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი რეჟისორმა დავით ჭაბაშვილმა დადგა.
„რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა-ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან, დალევენ ჩაის, ან ყავას ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ, არა?" დიახ, სწორედ ასე იწყება იასმინა რეზას პიესა „ჟლეტის ღმერთი", თუმცა... გარწმუნებთ, პატარა ბიჭები ყველგან და ყველა დროში ერთნაირად იცელქებენ, აი, მათი მშობლების ქცევის წინასწარ გათვლა კი სრულიად შეუძლებელია.
სპექტაკლში მონაწილეობენ სხვადასხვა თეატრის მსახიობები: გიორგი ბახუტაშვილი, ნატა ბერეჟიანი, გიორგი ბოჭორიშვილი და მაია ხორნაული.
სპექტაკლი „ჟლეტის ღმერთი" დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
ილიაუნის თეატრში სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენა, ასევე გაიმართება 8, 9 თებერვალს.
მასალის გამოყენების პირობები