ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, ხალიდა ბუზაარს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის მიზანია, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის გაცნობა და ახალი პროექტის - „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება" მომზადების პროცესის განხილვა.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით გასულ წელს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე წლის გეგმები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა, რათა გაიზარდოს IFAD-ის მიერ დაფინანსებული პროექტების პორტფელი.
IFAD საქართველოში საქმიანობს 1997 წლიდან. დღემდე IFAD-ის მიერ გამოყოფილია დაახლოებით 38,8 მლნ აშშ დოლარი 4 პროექტის დასაფინანსებლად სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის, სოფლის გზების და ხიდების რეაბილიტაციის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისათვის კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოკლევადიანი ინვესტირების, სოფლად სალიზინგო ოპერაციების მხარდაჭერის მიზნით.