სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათისა და ცხოველური საკვების ინსპექტირების დეპარტამენტმა მარნეულში, "ავერსის კლინიკის" მიმდებარედ საკონდიტრო საწარმო შპს ს/ვ-ს საწარმოო პროცესი შეუჩერა. საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმისა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური კვლევის არარსებობა და სხვ.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ "ზემელიდან" და ბარათაშვილის ქუჩაზე, შპს "უნივერსალის" სასურსათო მაღაზიიდან ვადაგასული სურსათი ამოიღეს. სხვადასხვა დასახელების კარაქი, მარგარინი, ხინკალი, მოხარშული და ნახევრადშებოლილი ძეხვი, თხილი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება. "ზემელსა" და ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ი/მ "მაია მახარაშვილის" მარკეტში გამოვლინდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევები, კერძოდ, დახლებზე განთავსებულ პროდუქტს არ ჰქონდა ქართული ეტიკეტი, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის თანახმად, ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით.