ბერლინის 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები" სექცია „ფორუმში" იქნება ნაჩვენები. ქართულ სევდიან კომედიას, რომელიც უიღბლო მამაკაცის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, აუდიტორია პირველად ბერლინში 7 თებერვალს ნახავს.
სექცია „პანორამაში"კი მიწვეულია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები". ფილმი პატიმრების ცოლების ცხოვრებას ასახავს.
ფილმები ბერლინალეს სელექციონერმა - ნიკოლაი ნიკიტინმა 2013 წელს თბილისში ვიზიტის დროს შეარჩია.
კინობაზრობაზე გაიხსნება საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ. საქართველოს სტენდზე გაიმართება შეხვედრები ეროვნული კინოცენტრის პარტნიორებთან და საერთაშორისო კოლეგებთან.
სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ფილმების კატალოგი, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ახალი ქართული ფილმების ტრეილერების დისკი, მოკლემეტრაჟიანი ქართლი ფილმების დისკი, საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ ინფორმაცია.
ბერლინის კინობაზრობაზე ასევე იქნება წარმოდგენილი თეონა მღვდელაძე-გრენადეს ფილმი "ძმა",რომლის პრემიერაც როტერდამის ფესტივალზე შედგა.
ასევე, პროდიუსერი - ქეთი კალანდარიშვილი მიწვეულია ურქშოფებში მონაწილეობის მისაღებად სექციაში Berlinale Talent.
9 თებერვალს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი და თელიანი ველი გამართავს მიღებას უცხოელი პარტნიორებისთვის, სადაც თავს მოიყრიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი კინოპროფესინალები.
2013 წელს, პირველად დიდი პაუზის შემდეგ, ბერლინზე მოხვდა 2 ქართული ფილმი: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები" „ფორუმში" და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი" „პანორამაში".
ბერლინალეს ისტორიის მანძილზე, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა. პირველად, 1986 წელს გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" იყო მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. შემდეგ 1992 წელს მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული", 1993 წელს კითემურ ბაბლუანის „უძინართა მზე",რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას "ცისფერიმთების" პირველისაერთაშორისო ჩვენება1986 წელს ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა "პანორამაში" შედგა.
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან უკვე 8 წელია აქტიურად თანამშრომლობს.