აჭარის მთავრობა ციტრუსისა და სხვა მალფუჭებადი პროდუქტის შესანახად სამაცივრე მეურნეობების შეძენას გეგმავს. როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე განმარტავს, აღნიშნული ინფრასტრუქტურის შეძენა რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამებში უკვე ჩადებული.
ხაბაძე განმარტავს, რომ მის მთავრობას დახვდა სრულიად მოშლილი სისტემა, თუმცა კარგად "გაპიარებული".
„მოგეხსენებათ, რომ ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადი პროდუქტია. კონკრეტულადაა განსაზღვრული ციტრუსის აღება-რეალიზაციის ვადები. ნოემბერ-დეკემბერში ბაზარზე ერთდროულად დიდი რაოდენობის ციტრუსი იყრის თავს, რაც ფასებზედაც აისახება. რაოდენობა განსაზღვრავს ფასს და თუ ამას ხარისხსაც დავამატებთ, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ კარგი მანდარინის შეძენა უფრო სასურველია მყიდველისთვის, ვიდრე საშუალოსი ან ცუდის. ამიტომ გაძვირების მოლოდინში ჩვენი მოსახლეობა კარგ მანდარინსაც ინახავს, რის გამოც, ხარისხი ვარდება. წელს ბევრი იყო ისეთი მეციტრუსე, ვინც საკმაოდ სარფიანად გაყიდა თავისი პროდუქტი სეზონის დასაწყისშივე. ჩვენ დაგვხვდა სრულიად მოშლილი სისტემა, თუმცა კარგად "გაპიარებული" - თითქოს არსებობდა გადამამუშავებელი საწარმოები და მოხსნილი იყო გადაზიდვის პრობლემები. ნელ-ნელა ეს საკითხები გვარდება. დამატებით კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე წლის გეგმაში ჩადებულია ხილის სამაცივრეების შეძენა ციტრუსისა და სხვა მალფუჭებადი პროდუქტის შესანახად, რაც გაახანგრძლივებს ბაზარზე პროდუქციის მიწოდების ვადებს. ამით კი გაიზრდება ფერმერთა შემოსავალი"- აცხადებს ხაბაძე.