მიმდინარე წლის მარტიდან აზერბაიჯანი ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენიდან ნავთობის ექსპორტს შეწყვეტს. ჯერ კიდევ გასული წლის მაისში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გააუქმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული შეთანხმება, რუსეთის ტერიტორიაზე ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დაევალა, მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანული მხარისათვის ეცნობებინა. შეთანხმება კი 1996 წელს იყო მიღწეული და ის ყოველწლიურად 5 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობის გატარებას ითვალისწინებდა. შეთანხმების მიხედვით მილსადენით ერთი ტონა ნავთობის გატარების ფასი - 15,67 დოლარი დადგინდა.
რუსულ მხარეს კი აზერბაიჯანული ნავთობის გატარების მოცულობა არ აკმაყოფილებდა.
რუსულმა კომპანია „ტრანსნეფტმა" განაცხადა, რომ 1,5-2 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობის გატარება არარენტაბელურია, მით უმეტეს რომ შეთანხმება 5 მლნ ტონის გატარებას ითვალისწინებდა.
„ჩრდილოეთის მარშრუტი" გამოიყენებოდა „აზერი-ჩირაგ-გიუნშენის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ამოქმედების შემდეგ კონსროციუმმა „ამოკ"-მა აღნიშნულ მარშრუტზე უარი განაცხადა
მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) მილსადენის გამოყენება მის მიერ მოპოვებული ნავთობის ექსპორტისთვის გადაწყვიტა.
როგორც ცნობილია, SOCAR-ის მოპოვება ყოველწლიურად 8-8,2 მლნ ტონას შეადგენს. აქედან უდიდესი ნაწილი, საუბარია 6-6,3 მლნ ტონაზე, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს მიეწოდება ნავთობ-პროდუქტების წარმოებისთვის.
ხოლო, დარჩენილი ნაწილის ექსპორტი კი „ჩრდილოეთის მარშრუტით" ხდებოდა.
ამჟამად, SOCAR-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კონსორციუმთან და 2014 წელს აზერბაიჯანული ნავთობკომპანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საკუთარი წარმოების, 1.55 მილიონი ტონა ნავთობის გატარებას აპირებს.
ერთის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის ინიციატორი რუსული მხარეა, თუმცა ექსპერტები სვამენ კითხვას იყო კი დაინტერესებული აზერბაიჯანული მხარე ნავთობის ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით გატარებით?
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის პოლიტიკას და შესაბამისად არც ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი იყო გამონაკლისი.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა ფუნქციონირება 2006 წლიდან დაიწყო კონსრონციუმი „ამოკ"-ი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კვლავ ამ მილსადენის ოპერატორად რჩებოდა.
2007 წელს, SOCAR-მა და „ამოკ"-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენის აზერბაიჯანული ნაწილის ოპერატორობა SOCAR-ს გადაეცა.
მიუხედავად „ამოკ"-ის მხრიდან აღნიშნულ მარშრუტზე უარის თქმისა აზერბაიჯანმა გადაწყვიტა მილსადენი ალტერნატიულ მაგისტრალად დაეტოვებინა.
SOCAR-მა მრავალგზის განაცხადა, რომ თანახმა იყო განეხილა „ტრანზნეფტის" წინადადება ტარიფის - 15,67 დოლარის გაზრდის შესახებ, გარკვეული პირობების გათვალისწინებით. „ჩრდილოეთის მარშრუტს" არ გააჩნია ხარისხის ბანკი, შესაბამისად აზერბაიჯანული ნავთობი ერეოდა ნოვროსიისკში ჩატანილ რუსულ ნავთობთან და კარგავდა ხარისხს. აღნიშნული იწვევდა აზერბაიჯანულ ნავთობზე ფასის შემცირებას.
„ჩრდილოეთის მარშრუტზე" უარის თქმა SOCAR-ისთვის ეკონომიკურად მომგებიანად არის მიჩნეული. ბაქო -თბილისი -ჯეიჰანის მარშრუტი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, გააჩნია ხარისხის ბანკიც, რაც უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს სხვადასხვა ხარისხის ნავთობის ერთმანეთში გარევა.
ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ხდება არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება. შესაბამისად გაიზრდება ნავთობსადენის რენტაბელობა, რაც აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს.