აჭარაში, საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით პრიორიტეტების გადახედვა მიმდინარეობს. როგორც აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ამბობს, შესაბამისად, განახლდება საინვესტიციო საპრომოუშენო მასალაც.
„რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას, მიმდინარეობს საინვესტიციო მიმართულებით პრიორიტეტების გადახედვა, შესაბამისად, საინვესტიციო საპრომოუშენო მასალის განახლება. შემდგომ ეტაპზე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ვგეგმავთ რეგიონის მონაწილეობის უზრუნველყოფას და საივესტიციო პოტენციალის წარდგენას სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო გამოფენასა და ბიზნესფორუმზე; ასევე, მსგავსი ღონისძიებების თავად რეგიონში ორგანიზებასა და ჩატარებას; გარდა ამისა, რეგიონისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრომოუშენის განთავსებას წამყვან საერთაშორისო გამოცემებსა და ვებგვერდებზე"- აცხადებს ხაბაძე.
როგორც ცნობილილია გასულ წელს აჭარის მთავრობამ „პრობლემური" საინვესტიციო ხელშეკრულებების გადახედვაც დაიწყო.
„2013 წელს აჭარის ა. რ. მთავრობის მიერ გადაიხედა და ხელახლა გაფორმდა 35-მდე ხელშეკრულება რიგ მსხვილ ინვესტორთან, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა მიმდინარე საინვესტიციო აქტივობაზე. ასევე, აღსანიშნავია აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ გატარებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2013 წელს აჭარაში შეიქმნა 15-მდე საშუალო ტიპის ციტრუსის შემფუთავი ახალი საწარმო"- აცხადებს აჭარის მთავრობის მეთაური.