ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ერთ წელიწადში ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია, - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და რეგიონში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და მიღწევებზე საუბრისას აქცენტს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აკეთებს - „ჩვენი მთავრობის უმთავრესი ფასეულობა არის ადამიანი და ამიტომაც ყველაზე დიდი მიღწევაა გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული პროცესები".
„ჯი-ეიჩ-ენის" კითხვებზე პასუხისას ხაბაძე ყურადღებას ამახვილებს წინა ხელისუფლების საქმიანობაზეც და აღნიშნავს, - „ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება იყო სპონტანური და დაუგეგმავი".
- როგორ აფასებთ რეგიონის 2013 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რა იყო წლის მთავარი გამოწვევა და როგორ მოხდა მისი დაძლევა?
- აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკის განვითარების ამსახველ ძირითადი მაჩვენებლებია რეგიონში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულება და დასაქმების საერთო დონე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის აღნიშნული მაჩვენებლები დამუშავების პროცესშია. რაც შეეხება რეგიონის ბიზნესსექტორის ძირითად მაჩვენებლებს - ბრუნვას, პროდუქციის გამოშვებასა და ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას - ბიზნესსექტორის 2013 წლის I, II და III კვარტლების მონაცემების ურთიერთშედარებით, აღნიშნულ მაჩვენებლებში ზრდის ტენდენცია იკვეთება. თუ შევადარებთ 2013 წლის კვარტლების მონაცემებს 2011 და 2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორში ბრუნვისა და დასაქმების მაჩვენებლებიც, ხოლო კლების ტენდენციაა პროდუქციის გამოშვებაში 2013 წლის მეორე და მესამე კვარტალში, წინა წლების შესაბამისი კვარტლების მონაცემებთან შედარებით.
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი არ არსებობს, ინვესტიციების დაახლოებით რა მოცულობაა აჭარაში განხორციელებული 2013 წელს და როგორია მთავრობის ეკონომიკური გუნდის საინვესტიციო პოლიტიკა. რა გზებით აპირებთ ინვესტიციების მოზიდვას? და საინტერესოა, ბოლო პერიოდში რატომ აღარ ეწყობა რეგიონში ბიზნესფორუმები?
- რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების წლიურ მონაცემებზე მიმდინარეობს მუშაობა. 2013 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელდა 122,4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ხორციელდება მშენებლობისა და ტურიზმის დარგებში, მათ შორის, 50 მლნ აშშ დოლარი - ტურიზმის დარგში, 55 მლნ აშშ დოლარი კი - მშენებლობის დარგში. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას, მიმდინარეობს საინვესტიციო მიმართულებით პრიორიტეტების გადახედვა, შესაბამისად, საინვესტიციო საპრომოუშენო მასალის განახლება. შემდგომ ეტაპზე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ვგეგმავთ რეგიონის მონაწილეობის უზრუნველყოფას და საივესტიციო პოტენციალის წარდგენას სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო გამოფენასა და ბიზნესფორუმზე; ასევე, მსგავსი ღონისძიებების თავად რეგიონში ორგანიზებასა და ჩატარებას; გარდა ამისა, რეგიონისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრომოუშენის განთავსებას წამყვან საერთაშორისო გამოცემებსა და ვებგვერდებზე.
- თუმცა ინვესტიციების ზრდა, ალბათ, მაინც ძველ პროექტებს უკავშირდება, რომლებიც გასულ წლებში დაიწყო. საუბარი მაქვს სასტუმრო "კემპინსკზე", "სემირამიდას ბაღებზე", ე.წ. "კუბ-თაუერზე" და სხვა. იქნებ განმიმარტოთ და საზოგადოებას აუხსნათ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რა ახალი მასშტაბური საინვესტიციო პროექტები დაიწყო აჭარაში, ან თუნდაც ამ ეტაპზე რა ხელშეკრულებებია გაფორმებული.
- 2013 წელს აჭარის ა. რ. მთავრობის მიერ გადაიხედა და ხელახლა გაფორმდა 35-მდე ხელშეკრულება რიგ მსხვილ ინვესტორთან, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა მიმდინარე საინვესტიციო აქტივობაზე. ასევე, აღსანიშნავია აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ გატარებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2013 წელს აჭარაში შეიქმნა 15-მდე საშუალო ტიპის ციტრუსის შემფუთავი ახალი საწარმო.
- როგორც ცნობილია, „ბათუმი თაუერთან" მიმართებაში ხელისუფლება ინვესტორს ეძებდა და მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან წარმოებდა. რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები და გამოვლენილია თუ არა ინვესტორი. ამასთან, „ბათუმი თაუერის" შიდა ფასადის დასასრულებლად საჭირო იყო 6 მლნ დოლარამდე და ხელისუფლება განიხილავდა ორ ვარიანტს: თავად შეესრულებინა ეს სამუშაოები ან ინვესტორისთვის გადაეცა და შენობა შედარებით იაფად გაეყიდა. რა გადაწყდა: ვინ შეასრულებს შიდა სამუშაოებს?
- შპს „ბათუმი თაუერი" არ არის აჭარის მთავრობის საკუთრება, თუმცა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად კოორდინირებულად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. განიხილება სამი ვარიანტი - გაყიდვა, იჯარა გამოსყიდვით ან იჯარა დასრულებით. სამი კომპანიისგან არის დაინტერესება, განვიხილავთ წინადადებებს. ამ ეტაპზე კონკრეტული ინვესტორების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- მინდა გკითხოთ ქობულეთის ტურისტულ ზონაზედაც, რაც, უნდა ვაღიაროთ, წარმატებული პროექტი არ აღმოჩნდა. რეალურად თუ მოხდება „საგადასახადო კოდექსში" შესაბამისი ცვლილებების გატარება, რათა ინვესტორების დაინტერესება ამ ზონის მიმართ შეიცვალოს და გაიზარდოს. თუ გაქვთ თქვენეული ხედვა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ზონა იყოს წარმატებული?
- როგორც იცით, ქობულეთის ტურისტულ ზონაში მიმდინარეობდა სამი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, მათ შორის ერთი კომპლექსი უკვე შევიდა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება დაინტერესებული პირების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვას, მას აწარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია და შესაბამის გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებსაც ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე აღნიშნული კომისია გასცემს. როგორც ვიცი, აღნიშნულ ზონასთან დაკავშირებით შემოსულია დაინტერესებული უცხოელი ინვესტორის წინადადება, რომელიც ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის მიზნით 2 ნაკვეთის (1800-1800კვ.მ) პრივატიზების თაობაზე სურვილს გამოქთვამს.
- გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობას რაც შეეხება, პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, დასრულებულია. კიდევ რა სამუშაოებია ჩასატარებელი სახელმწიფოს მხრიდან და რამდენადაა ინვესტორების დაინტერესება, აღნიშნულ ადგილზე ტურისტული ობიექტები განათავსონ. რეალურად რა ინფრასტრუქტურაა დღეს ამ კურორტზე?
- დღეის მდგომარეობით, არსებული ფინანსური რესურსი იძლევა დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას. ინვესტორების მხრიდან არსებობს დაინტერესება კურორტის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელება და კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენა კურორტის განაშენიანების გეგმისა და მიწათსარგებლობის საკითხების გადაჭრის შემდგომ იქნება შესაძლებელი.
- ცხადია, პრივატიზაციიდან შემოსული თანხები წლიდან წლამდე კლებადია. თუმცა როგორც ირკვევა, დაგეგმილი 8 მლნ ლარის ქონების გასხვისების ნაცვლად, გაიყიდა 2 მლნ ლარის ქონება. მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთმა წევრმა - საუბარი მაქვს ფინანსთა მინისტრზე - განაცხადა, რომ შემუშავდებოდა სპეციალური საპრივატიზაციო პოლიტიკა. რა ხდება ამ მიმართულებით: მოხდა თუ არა მისი შემუშავება და რას გულისხმობს ეს რებრენდირიებული საპრივატიზაციო პოლიტიკა?
- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს აქტიური განხილვა პრივატიზება / სარგებლობაში გაცემის საკითხებზე, მაგრამ ეს მოხდება აუქციონის წესით. შემუშავებულია გარკვეული ობიექტების ნუსხა, რომლის საპრივატიზაციოდ აუქციონზე გამოტანა იგეგმება. ასევე, მიმდინარეობს ყველა დაინტერესებული პირის წინადადების განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ყველა ქონებასთან დაკავშირებით, გარდა იმ ქონებისა, რომლის პრივატიზებაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად არ იკრძალება.
- როგორია რეგიონში დასაქმების მაჩვენებელი - თუ გაქვს ბოლო პერიოდის სტატისტიკა?
- სხვათა შორის, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. წელს ვაპირებთ, შევისწავლოთ შრომის ბაზარი და გვეცოდინება, რა პროფესიის კადრებზეა მოთხოვნა, რათა შესაბამისი პროგრამები განვახორციელოთ. აქტიურად მუშაობს დასაქმების სააგენტოც, რომლის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2013 წელს დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებელი 4 689 მოქალაქე, სააგენტოს დახმარებით დასაქმდა სულ 2228.
- კონკრეტულად როდის ამოქმედდება იპოთეკარების შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამა? რა თანხაა ამისთვის საჭირო და გათვალისწინებულია თუ არა ეს ბიუჯეტში? როგორც ცნობილია, ამ საკითხზე მუშაობა სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ 1 წელზე მეტია წარმოებს, თუმცა რეალური შედეგი არ არსებობს. თავის მხრივ, იპოთეკარები იმუქრებიან მთავრობის სახლთან კარვების გაშლით. როგორც ინფორმაცია მაქვს, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილია მხოლოდ ქობულეთში მცხოვრები დაზარალებულები, მაგრამ უკმაყოფილებას აფიქსირებენ სხვა ქალაქებში მცხროვრები იპოთეკარებიც და მთავრობისგან შეღავათიანი სესხების მიღებას მოითხოვენ. რა კეთდება რეალურად ამ წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად? როდის დაიწება იაფი სესხების გაცემა და რა პირობით?
- გასულ წელს აჭარის მთავრობის მიერ შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2008 წლის მოვლენების შედეგად დაზარალებული პრობლემური სესხების მქონე მოსახლეობის მდგომარეობა და გამოავლინა 94 ოჯახი. ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოეთ სხვადასხვა ბანკთან და "ლიბერთი ბანკი" წამოვიდა ჩვენს პირობებზე. ბანკის პირობის თანახმად, სესხი გაიცემა წლიური 15-პროცენტიანი განაკვეთით. სესხის 12 პროცენტს სამი წლის განმავლობაში დაფარავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო დანარჩენ 3 პროცენტს თავად მსესხებელი გადაიხდის. სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდა თვითონ მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს. თუკი თანადაფინანსების შემდგომ პერიოდში დარჩენილი ვალის გადახდის პირობები გადამხდელს არ დააკმაყოფილებს, მას თავისუფლად შეეძლება გადავიდეს მისთვის სასურველ საპროცენტო განაკვეთის მქონე ბანკში და წინასწარი დაფარვის საკომისიო არ გადაიხადოს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 წელი, რომლის განმავლობაში წინასწარ დაფარვის საკომისიო იქნება ნული. პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
- დაბა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულმა მოქალაქეებმა შექმნეს ე.წ. "ოცნების ქალაქი". ამ საკითხსაც სწავლობდა კომისია. რა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ და რას უპირებთ მათ?
- 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეგიონში 12 ობიექტი თვითნებურად დაიკავეს. შესახლებულთა განცხადებით, მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი და იმყოფებიან უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში. ამასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობამ შექმნა თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის მიზანია შესახლებულთა რეალური მდგომარეობის შესწავლა, წინადადებების მომზადება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა. განხორციელდა მოსახლეობის აღწერა და ერთიანი ბაზის ფორმირება. მუნიციპალიტეტებიდან მოგვეწოდა ინფორმაცია თვითნებურად შესახლებულ ოჯახთა საკუთრებისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ 2700 ოჯახიდან 150 საჭიროებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას.
სამწუხაროა, როცა უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ხალხის ხარჯზე ბევრი ისეთი პიროვნება ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, რომელიც თავად იყო მათი ამ მდგომარეობაში ჩავარდნისა და სოციალური სიდუხჭირის მიზეზი. ამით ცდილობენ ისარგებლონ იმათაც, ვისაც აქვთ სახლ-კარი, ავტომანქანები და ცდილობენ, სახელმწიფოსგან რაიმე მოგება მიიღონ.
აჭარის მთავრობამ დაიწყო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა მეწყერის შედეგად დაზარალებული I და II კატეგორიის 161 ოჯახი. შესახლებები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც, თუმცა ბინებს თავდაპირველად მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც უკიდურესად საჭიროებენ ამას. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სხვა კატეგორიის პირთა დაკმაყოფილება. 2014 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის დაფინანსებულია სოციალური სახლების მშენებლობა ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
- ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ფერმერების ნაწილმა ციტრუსის რეალიზაცია ვერ მოახერხა და ამიტომ მათ ამ ციტრუსის გადაყრა მოუხდათ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ფერმერები გარემოს დაცვის შესაბამისმა სამსახურმა 200-300 ლარით დააჯარიმა. ასეთ ვითარებაში, რა უნდა გააკეთოს გლეხმა, რომელიც ისედაც დაზარალებულია, რადგან პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებს და დამატებით ჯარიმის გადახდაც უწევს.
- აღნიშნული საკითხი არ არის სიახლე და ეს წელს პირველად არ მომხდარა. მეციციტრუსე ფერმერთა ასეთი სახის ქმედებას გასულ წლებშიც ჰქონდა ადგილი. ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩევით, გაფუჭებული ნაყოფი ფერმერებმა უნდა დააკომპოსტონ თავიანთი ციტრუსის ბაღის ნაკვეთებში. რამდენიმე წლის შემდეგ, სხვა ორგანულ სასუქებთან არევის შედეგად, შესაძლებელია, ის გამოყენებულ იქნას როგორც მულჩი. თუ ჩვენი ფარმერები ამას გაითვალისწინებენ, ჯარიმებისგანაც თავს დაიზღვევენ. რაც შეეხება ციტრუსის გადაყრას, ესეც ბუნებრივი პროცესია, საერთო მოსავლის გარკვეული ნაწილი ყოველთვის იყრებოდა.
- ზოგადად, რატომ იყო წელს ციტრუსი იაფი? რატომ ვერ გახდა „ნარინჯისფერი რთველი" წარმატებული? ბევრჯერ მისაუბრია რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იგი საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზებს იძლეოდა და განმარტავდა, რომ ახალი ბაზრების მოძიებაც მოხერხდა. ასეთ ფონზე, რატომ ვერ გაიყიდა რეგიონში მოწეული ციტრუსი?
- მიმდინარე წელს ჩვენს რეგიონში ციტრუსის მოსავალი იყო უპრეცეტენტოდ დიდი. საბაზრო ეკონომიკის პრინციპით, ჭარბი რაოდენობის მიწოდება ფასის კლებას იწვევს. მიუხედავად ამისა, ციტრუსის ფასი 50-60 თეთრზე შევინარჩუნეთ. წელს პირველად შეიქმნა ციტრუსის შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმოები და ორიენტაცია იქნა აღებული ციტრუსის შეფუთვაზე ევროსტანდარტების შესაბამისად. ასევე, ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ექსპორტი რუსეთის მიმართულებით. წელს 9 ქვეყანაში მიმდინარეობდა ციტრუსის ექსპორტი. დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 65 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი. რაც შეეხება არასტანდარულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა 18 000 ათას ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფს მიიღებს და გადაამუშავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში არასტანდარტული მანდარინის მიმღები საწარმოები არ არსებობდა და არსად ფიქსირდება, სად მიჰქონდა გლეხს ეს მოსავალი. ასეთი პროდუქცია ექსპორტზე ვერ გავიდოდა და საკვებადაც უვარგისია. სადღაც იყრებოდა ათობით ათასი ტონა ციტრუსი, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს.
კითხვა არასწორად იყო დასმული - წელს ციტრუსის სეზონი იყო ძალიან წარმატებული, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა აჭარის რეგიონში.
- ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერდა, რომ შესანახი-სამაცივრე მეურნეობების მოწყობას დიდი ყურადღება დაეთმობა. რეგიონშიც ხომ არ განიხილება ანალოგიური წერტილების მოწყობა, მით უფრო, რომ აჭარას აქვს საკუთარი პორტი, ასევე, შესაძლებელია ციტრუსის დასაწყობება და შემდგომ უფრო ძვირად მისი რეალიზაცია.
- მოგეხსენებათ, რომ ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადი პროდუქტია. კონკრეტულადაა განსაზღვრული ციტრუსის აღება-რეალიზაციის ვადები. ნოემბერ-დეკემბერში ბაზარზე ერთდროულად დიდი რაოდენობის ციტრუსი იყრის თავს, რაც ფასებზედაც აისახება. რაოდენობა განსაზღვრავს ფასს და თუ ამას ხარისხსაც დავამატებთ, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ კარგი მანდარინის შეძენა უფრო სასურველია მყიდველისთვის, ვიდრე საშუალოსი ან ცუდის. ამიტომ გაძვირების მოლოდინში ჩვენი მოსახლეობა კარგ მანდარინსაც ინახავს, რის გამოც, ხარისხი ვარდება. წელს ბევრი იყო ისეთი მეციტრუსე, ვინც საკმაოდ სარფიანად გაყიდა თავისი პროდუქტი სეზონის დასაწყისშივე. ჩვენ დაგვხვდა სრულიად მოშლილი სისტემა, თუმცა კარგად "გაპიარებული" - თითქოს არსებობდა გადამამუშავებელი საწარმოები და მოხსნილი იყო გადაზიდვის პრობლემები. ნელ-ნელა ეს საკითხები გვარდება. დამატებით კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე წლის გეგმაში ჩადებულია ხილის სამაცივრეების შეძენა ციტრუსისა და სხვა მალფუჭადი პროდუქტის შესანახად, რაც გაახანგრძლივებს ბაზარზე პროდუქციის მიწოდების ვადებს. ამით კი გაიზრდება ფერმერთა შემოსავალი.
- „ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ბათუმის მუნიციპალური საავადმყოფოს გახსნაზე საუბრობდა, რომელიც, თავის მხრივ, რესპუბლიკური სავადმყოფოს ბაზაზე უნდა აშენებულიყო. რა ხდება აღნიშნული პროექტთან დაკავშირებით?
- საკითხი დასმულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე, რომ ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი 4 საავადმყოფოდან ერთ-ერთის მშენებლობა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე განხორციელდეს, ველოდებით გადაწყვეტილებას.
- ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი კონკრეტული პროექტი, რომლითაც ამაყობთ და მიგაჩნიათ, რომ წარმატებული პროექტია.
- ჩვენი მთავრობის უმთავრესი ფასეულობა არის ადამიანი და ამიტომაც ყველაზე დიდი მიღწევაა გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული პროცესები. არასოდეს მთავრობა ასეთი გამჭვირვალე და ღია არ ყოფილა. ჩვენ პირველებმა დავნერგეთ პროგრამული ბიუჯეტი, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით მუშავდება. რაც შეეხება სხვა მიღწევებს, არაერთი კარგი პროექტი გვაქვს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის კუთხით. ეკომიგრანტებს ბინები გადავეცით და ესეც გამჭვირვალედ მოხდა. ტურიზმშიც გვაქვს წარმატებები. რეალურ ციფრებს თუ შევხედავთ, 10 %-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლებთან შედარებით. განათლების დარგშიც გვაქვს წინსვლა. მინდა დავაფიქსირო, რომ თუ აქამდე მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი გასართობ პროგრამებზე იხარჯებოდა, ახლა ის მხოლოდ სოციალურ დახმარებებში გაიხარჯა.
- რეგიონის მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტები ბევრად განსაზღვრავს პრობლემებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას. ამ ხნის განმავლობაში რამდენად ხშირად გაქვთ შეხვედრები ადგილებზე უშუალოდ მოსახლეობასთან და რა არის მათი მთავარი პრობლემა?
- მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები ხშირად გვაქვს არა მხოლოდ მე, აჭარის მთავრობის სხვა წევრებს და გამგებლებსაც, მაგრამ ვცდილობთ, ეს ტელეკამერების წინაშე არ გავაკეთოთ, რადგან სხვის დასანახად არ ვაკეთებთ ამას.
- ყოფილა თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა საპასუხისმგებლო და შრომატევადი? ამ გადასახედიდან, როგორ აფასებს რეგიონში წინა ხელისუფლების დროს გაკეთებულ საქმეებს?
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაში ყოფნა. 24-საათიანი რეჟიმში გვიწევს მუშაობა, მაგრამ ერთ წელიწადში ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია. რაც შეეხება წინა ხელისუფლების მუშაობას, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება იყო სპონტანური და დაუგეგმავი. მაგალითად მე, პირადად, უფუნქციო შენობებში ამდენი თანხის გადახდას, სოციალური სახლების აშენებას ვამჯობინებდი. ასევე, გასხვისებულია ბევრი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და პრობლემების შემთხვევაში, ჩარევის უფლებაც წართმეული გვაქვს. ჯერ კიდევ ხშირია ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი მოსახლეობის კეთლდღეობაზე აისახოს.
„ჯი-ეიჩ-ენი", მაია არაბიძე