ხუთი თებერვლიდან შედარებით გამოიდარებს, თუმცა მანამდე ყინვა შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის მთავარმა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის განმავლობაში გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება კვლავ შენარჩუნდება.
მისივე განმარტებით, დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთისგან განსხვავებით მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
,,დასავლეთ საქართველოში 3-4 დღის განმავლობაში უნალექო ამინდს ველოდებით. ზემო იმერეთისა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი. გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 20-25 მ/წმ-ში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნაირა მანველიშვილმა.
მანველიშვილის განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში ყინვა კვლავ შენარჩუნდება.
,,აღმოსავლეთ საქართველოს ღამის ტემპერატურას რაც შეეხება ყინვა -11, - 16 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დასავლეთ საქართველოში კი +2, -3 გრადუსამდე. დღის ტემპერატურას რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში ჰაერი +8, +13 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი -3, -7 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება", _განაცხადა ნაირა მანველიშვილმა.
მისივე განმარტებით, თბილისში ამაღამ თოვა და ნისლი შენარჩუნდება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით -10, -11 გრადუსი იქნება, დღის ტემპერატურა კი -5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.