აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დაცვის პროგრამების ნუსხას აქვეყნებს, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.
1. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (178 ლარის ოდენობით), რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს 20 დღეს.
• მოსარგებლეები
სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავდებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვები
• პროგრამა ითვალისწინებს
სამკურნალო ვარჯიშებს
მასაჟს
ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას
რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია
მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით, 350 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 4 კურსი, 1 კურსი მოიცავს 15 დღეს.
• პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ
ცერებრული დამბლა
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები
• პროგრამა ითვალისწინებს
ფიზიკურ თერაპიას
მეტყველების და ენის თერაპიას
ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას
ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას
შენიშვნა:
• თუ პაციენტი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.
3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია
პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას
• დაფინანსების ფორმა
წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 25 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით.
4. მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა
• მოსარგებლეები
მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა
მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (300 ლარი), განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.
• მოსარგებლეები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
ასაკით პენსიონერები
• პროგრამა ითვალისწინებს
სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფას
ეტლის მორგებას
ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას
საგარანტიო მომსახურებას 24 თვის განმავლობაში.
6. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა
ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით.
• მოსარგებლეები
III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები
18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით
• პროგრამა ითვალისწინებს
ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას
აპარატის მორგებას
აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას
საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში
7. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარება
მატერიალური დახმარება-1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
• დაფინანსების ფორმა
დახმარება გაიცემა პირადობის მოწმობის საფუძველზე, თანხის გაცემას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამისილი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.
8. ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება
პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.
• დაფინანსების ფორმა
თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.
9. 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება
• პროგრამა ითვალისწინებს
2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ 2 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.
• დაფინანსების ფორმა
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებს და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 22 ბენეფიციარს. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 18 მეომრის ოჯახს -თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.
პროგრამაში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:
განცხადება
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა
ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი
ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
შენიშვნა:
• პროგრამების მოსარგებლე 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
• პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალ დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ (0422)247972, (0422) 24-79-64 ან მომართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართზე ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
პროგრამების სრული ვერსია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www.molhs.gov.ge .
საქართველოში მოქმედი სხვა სახელმწიფო სოციალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www. moh.gov.ge ; www.ssa.gov.ge .