ცესკომ ის მისამართები წარადგინა, სადაც ოცდაათი და მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებულია. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისა და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარეებმა ერთობლივ ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის ძირითადი თემა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, 1 თებერვლის მდგომარეობით, ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირებული 590 შემთხვევა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობით - 7968, სადაც ერთ მისამართზე რეგისტრირებულია 10 და მეტი ამომრჩეველი. ხარატიშვილმა წარადგინა გაწეული სამუშაოს ანგარიში იმ მისამართების თაობაზე, რომლებზეც რეგისტრირებულია ოცდაათი და მეტი ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით მონაცემთა ბაზაში 21 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებულია.
სამოქალაქო რეესტრის თავმდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სიის მონიტორინგში ჩართული პოლიტიკური პარტიები სანამ შესაძლო ხარვეზებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას გაახმაურებენ, მანამ კარგად უნდა გადაამოწმოთ მათ ხელთ არსებული მონაცემები რომ საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში.
მისი თქმით, რაც შეეხება მედიის საშუალებით გაჟღერებულ კონკრეტულ მისამართებს, კოსტავას ქუჩა #75 - ეს არის მრავალსადარბაზოიანი კორპუსი, სადაც თითოეულ სადარბაზოში ნუმერაცია იწყება პირველი ნომრიდან. ზოგიერთ სადარბაზოს კი ნომერი საერთოდ არ აქვს.
"როგორც გავრცელდა ინფორმაცია აღნიშნულ მისამართზე ბინებში რეგისტრირებულია არაბუნებრივად ბევრი ადამიანი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იქ რეგისტრირებული ადამიანები ცხოვრობენ ათ ბინაში და არა ერთ კონკრეტულ ბინაში. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ კორპუსის დამისამართებისას თავის დროზე დაიშვა შეცდომა.
ცნობისთვის, შენობების დამისამართებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობასთან ერთად, 18 მარტს, ახალი სტარატეგია იქნება წარმოდგენილი~ - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ე.წ. იტალიური ეზოების დამისამართების საკითხიც. მაგალითად, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ერთ-ერთ იტალიურ ეზოში რამდენიმე კერძო სახლს აქვს ერთი მისამართი. იქ რეგისტრირებული მოქალაქეები გადაამოწმა სამოქალაქო რეესტრმა და დაადგინა, რომ ეს ხალხი მართლაც ცხოვრობს დასახელებულ მისამართზე.
სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილების არსებობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ დასახელდა გარდაცვლილების სახელები და გვარები, რომლებიც საერთოდ არ აღმოჩნდა მონაცემთა ბაზაში შეტანილი.
რეგისტრაციის პრობლემაზე გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ კანონით, მოქალაქე, რომელიც ექვს თვეზე მეტი ხნით იცვლის საცხოვრებელ მისამართს, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ახალ მისამართზე.
"თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს ეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თორემ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმის მექანიზმი, რომ ამა თუ იმ უწყებამ გააკონტროლოს მოქალაქეების გადაადგილების პროცესი.
სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ ბინა, რომელშიც 150 ადამიანია რეგისტრირებული, არ არსებობს და ეს არის სიცრუე, როდესაც ამაზე ვინმე საუბრობს. სამწუხაროა, რომ ცრუ ბრალდებებზე გვიწევს პასუხების გაცემა. როდესაც საუბრობენ 100 000 უზუსტო მონაცემზე, მოგვიტანონ 100 მაინც, იმისთვის, რომ განვიხილოთ და დადასტურების შემთხვევაში ვთქვათ, რომ ბაზაში რაიმე სახის შეცდომაა. იმედი გვავქს, რომ ეს დამოკიდებულება გამოსწორდება, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მუდამ თანამშრომლობისკენ ვართ მოწოდებულები,~- განაცხადა ვაშაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან და ასევე სხვა უწყებებთან საარჩევნო სიების შემუშავების მექანიზმის დასახვეწად
მიუხედავად იმისა, რომ ამ მისამართებზე არსებული სახლების მესაკუთრეები კანონს არ არღვევენ, ცესკო მათ მოუწოდებს გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და ამოწერონ თავიანთი სახლებიდან ის ადამიანები, რომლებიც იქ არ ცხოვრობენ.
როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში ამჟამად ჩართულია 12 კვალიფიციური და 2 არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტია.