კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმის პროცესი ბუნებრივია, რადგან საქმე გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც არანაირ წესსა და ნორმას არ სცნობს.
,, ქვეყნა, რომელიც ომს გიწყებს მავთულხლართებს თუ გაგიკეთებს, ეს სავსებით ბუნებრივია. ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც არც საერთაშორისო ნორმასა და არც რაიმე წესებს ურთიერთობაში არ სცნობს. მისი პოლიტიკა დაფუძნებულია ძალმომრეობაზე", _განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში, მავთულხლართების გავლება გუშინ განაახლეს. თუმცა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენისთანავე მათ ტერიტორია დატოვეს და ბაზაზე დაბრუნდნენ.
სადემარკაციო სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.