2013 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The Smile Shop კიევში თანამედროვე ქართული კინოს ფესტივალზე საკონკურსო სიმღერას Give me your Smile შეასრულებს.
23 ნოემბერს რიგით მე-9 კინოფესტივალის ოფიციალური გახსნა კინოთეატრ "ჟოვტენში" შედგება. საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტების გარდა, ცერემონიალში ქართული ცეკვის სახალხო ანსამბლი "იბერიელი" და სხვა შემოქმედებითი ჯგუფები, მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის საზეიმო გახსნის შემდეგ, ნაჩვენები იქნება ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები".
ფესტივალი, 23- დან 27 ნოემბრამდე, უკრაინისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დახმარებით ჩატარდება.
ფესტივალის ორგანიზატორებია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგია" და უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი".
მასალის გამოყენების პირობები