ვაშინგტონი ისრაელის უსაფრთხოების იდეის ერთგული რჩება და ისწრაფვის იმისკენ, რომ ხელი შეუშალოს ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევას. ეს განცხადება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა იერუსალიმში ისრაელის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
თეთრი სახლის წარმომადგენელი რეგიონში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ისრაელის და პალესტინის მხარეებმა არაპირდაპირი მოლაპარაკებების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადეს. ამ მოლაპარაკებებმა 14 თვიანი შესვენების შემდეგ მშვიდობიანი პროცესი უნდა განაახლოს. ბაიდენმა ამ გადაწყვეტილებას "მშვიდობის დასამყარებლად რეალური შესაძლებლობა უწოდა".
ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შესაძლოა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის უნდობლობის გადალახვის მექანიზმად იქცეს.
"მოლაპარაკებათა საბოლოო მიზანი სტატუსის საბოლოო დადგენა და ისრაელსა და პალესტინას შორის ორმხრივი შეთანხმებების მიღწევაა. ისტორიული მშვიდობის დამყარება კი ორივე მხარისაგან თავის თავზე უპრეცედენტო ისტორიული ვალდებულებების აღებას გულისხმობს", _ განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.
თავის მხრივ ბენიამინ ნეთანიჰუმ მაღალი შეფასება მისცა ვაშინგტონის წინააღმდეგობას ირანის ბირთვული ამბიცების მიმართ.
"მადლიერი ვარ ბარაკ ობამას ადმინისტრაციისა და აშშ-ს მთავრობის მიერ გაწეული იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მიამრთული იმისკენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ მკაცრი საქნციები იქნეს დაწესებული. რაც უფრო მკაცრი იქნება ეს სანქციები, მით უფრო მალე მოუწევს ირანის მთავრობას არჩევანი გააკეთოს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებასა და ზოგადად ქვეყნის მომავლის განვითარებას შორის", _ განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მოქმედი ადმინისტრაციის ერთ ერთ პრიორიტეტად რჩევა.
თავისი ახლოაღმოსავლური ტურნეს პირობებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პალესტინის ავტონომიის ლიდერთან სალიამ ფაიადთან და პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრასაც გეგმავს.