ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებად აფასებს, „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დიპლომატი მამუკა კუდავა, უკრაინის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.
კუდავა მიჩნევს, რომ არსებულ გარემოებას განაპირობებს რუსეთის ზეწოლა და კიევის შიდა პოლიტიკური ვითარება, რომელიც ტიმოშენკოს გათავისუფლების შიშთანაა დაკავშირებული.
„უკრაინის გადაწყვიტილება არის ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება, რაც აშშ-ის დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაშიც ითქვა. ის მიუთითებს ერთი მხრივ რუსეთის ზეწოლაზე, მეორე მხრივ კი კიევის შიდა პოლიტიკური ვითარების სირთულეზე, რაც ტიმოშენკოს გათავისუფლების შიშთანაა დაკავშირებული", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" კუდავამ.
დიპლომატის თქმით, რომელიც ანალტიკოსების მოსაზრებებს ეტყრდნობა, არ არის გამორცხული ამ პროცესების შემდეგ უკრაინაში ძალაუფლების გამკაცრება.
„აქედან გამომდინარე, ზოგი ანალიტიკოსი უკრაინაში ძალაუფლების გამკაცრებასა და შესაძლო დიქტატურასაც პროგნოზირებს, თუმცა ეს არცთუ ნათელია და დიდწილად ასევე დამოკიდებულია ევროკავშირის პოზიციაზე. რაც უფრო არახისტი იქნება ბრიუსელის დამოკიდებულება, მით უფრო მეტია შანსი კონსენსუსის მიღწევისა, ვილნიუსის სამიტისას თუ მის შემდეგ", - აცხადებს კუდავა.
დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთი უფრო მეტი ენერგიით შეეცდება მოლდოვაზე და საქართველოზე ზეწოლას.
„რასაკვირველია, უკრაინის გადაწყვეტილებით რუსეთი კმაყოფილია და კიდევ უფრო მეტი ენერგიით შეეცდება მოლდოვისა და საქართველოს გზიდან ანუ ასოციაციის შეთანხმებებიდან გადახვევას. ეს შესაძლებელია ეკონომიკური ზეწოლით და ასევე პროვოკაციებით კონფლიქტურ/ოკუპირებულ რეგიონებში", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" კუდავამ.
მისივე თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია ქართული პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია.
„ყველაფერი კვლავ თბილისის დეტერმინაციასა და შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე იქნებ დამოკიდებული. ამიტომ გვჭირდება პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია ერთიანი მიზნის გარშემო და ეკონომიკური ზრდის მყარი დინამიკა. ამაზე მთავარი პასუხისმგებელი კი მმართველი ძალა და ხელისუფლებაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დიალოგი სხვა ძალებთან დააგრეთვე რადიკალურად შეცვალოს წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მოწყვლადი იქნება გარე ზეწოლის წინაშე", - განაცხადა კუდავამ.