დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის დამზადება-გასაღებაში ბრალდებული ვასილ შ., რომლის ინტერესებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატი - მანანა თანდაშვილი იცავდა, ნაწილობრივ გამართლდა.
ვასილ შ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა. მას სასჯელის სახით 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრებოდა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა პროკურორის ეს პოზიცია არ გაიზიარა. მანანა თანდაშვილმა თავის დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ განსასჯელი დამნაშავედ მხოლოდ ერთ ეპიზოდში სცნო. საზოგადოებრივი ადვოკატის ძალისხმევით ვასილ შ. წაყენებული ბრალდების მეორე ეპიზოდში გამართლდა და მას, საბოლოოდ, სასჯელის სახით 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოში (ზუგდიდი, ფოთი), რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.