"სამწუხაროდ და საუბედუროდ საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიზოული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანების გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს დავით ცინდელიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ.
"სამწუხაროდ და საუბედუროდ საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიზოული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანების გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში. ეს არის ძალიან მძიმე საქმეები. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე. ეს არის ჩვენი ტკივილი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, თანამოქალაქეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ შვილებს. მათ სჯერათ, რომ მათი შვილები არიან ცოცხლები, თუმცა სამწუხაროდ ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იქნას გახსნილი და გამოძიებული",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მას არ სურს გამოძიების დასრულებამდე რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს, თუმცა ადასტურებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ადამიანის გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა.