უკეთესი საქართველო გველოდება ხვალ და ზეგ,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"გიორგის ხელმძღვანელობით და მისი პრეზიდენტობით საქართველო ძალიან მნიშვნელოვან რამეს მიაღწევს, ძალიან დიდი რეფორმები იქნება ქვეყანაში და ვიმედოვნებთ, რომ უკეთესი საქართველო გველოდება ხვალ დაზეგ,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პირველი პირი ოფიციალურად გახდა. მან პარლამენტის ძველი შენობის შიდა ეზოში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიალზე ფიცი ქვეყნის კონსტირუციაზე და ბიბლიაზე დადო.
მარგველაშვილის ინაუგურაციას 53 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია დაესწრო. სტუმრებს შორის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი დალია გრიბაუსაკაიტე და სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ელჩები იყვნენ. გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები - ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებიან. ღონისძიებაზე არც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.