პარლამენტის დღევანდელი სხდომა უმცირესობის და უნმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს შორის კამათის ფონზე წარიმართა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ რურული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები გახდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მარგველაშვილის გამოსვლა პუტინის, ლავროვის და სხვათა გამოსვლებს გავდა, რადგან საუბარი არ ყოფილა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხზე.
"ის, რომ არ ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს მთავარ პრობლემებზე, ეს არის პუტინის და რუსი დიპლომატების რიტორიკა და სწორედ ამ რიტორიკით ჰგავდა მარგველაშვილის გამოსვლა პუტინის, ლავროვის და სხვათა გამოსვლას. რა თქმა უნდა, რუსებს სურთ, რომ ჩვენ არაფერი ვთქვათ ოკუპაციაზე, არაფერი ვთქვათ ეთნიკურ წმენდაზე, არ გვქონდეს პოზიციები არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და მხოლოდ ვილაპარაკოთ მართლა ჩურჩხელებზე, ნიახურზე, რაღაც კულტურულ გაცვლაზე, ანსამბლების ჩამოსვლაზე და ასე შემდეგ. ასე პოლიტიკა არ კეთდება,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნულ ოპლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, ეს შესაძლოა გახდეს კარგი დასაწყისი იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული პოლიტიკური დაძაბულობის დონე დაიწიოს.
მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობების აუცილებლობაზეც, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო არჩეულ დასავლურ კურსს არ გადაუხვევს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი განსაკუთრებულად გაახარა რუსეთის პატრიარქის მილოცვამ, რადგან ურთიერთობები უნდა განაახლონ ხალხმა და სასულიერო პირებმა, ხელისუფლებამ კი ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.