საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და თუ რაიმე ტრაგიკული საოცრება არ მოხდა, გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
რაც შეეხება სოჭში გიორგი მარგველაშვილის გამგზავრების საკითხს, ხიდაშელის თქმით, ოლიმპიადაზე საქართველო მხოლოდ სპორტული ნაკრებით წავა თუ სახელისუფლებო დელეგაციითაც, ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოლიპიადამდე დარჩენილ პერიოდში.
"ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ტაბუ და ყველა საკითხი ღიაა საუბრისთვის და გადაწყვეტილებები ასე მიიღება. ყველა საკითხში რა თქმა უნდა იგულისხმება სოჭის ოლიმპიადაც, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცხარე თემაა დღეს. ჩვენ მივდივართ სოჭის ოლიმპიადაზე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, თუ რაღაც ტრაგიკული საოცრება არ მოხდა მანამდე. სოჭში საქართველო წავა მხოლოდ სპორტული ნაკრებით და ფედერაციით თუ სახელისუფლებო დელეგაციითაც, ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოლოდინი იარსებებს ამ წასვლიდან,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.