სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ნათია იმნაძის განცხადებით, ომბუდზმენი უჩა ნანუაშვილი არ არის დამოუკიდებელი და იგი მთავრობის ზოგიერთ წევრთან ანგარიშვალდებულია.
როგორც იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე მან თათბირზე განუცხადა სახალხო დამცველს, რომ ამ შემთხვევის გამოსაკვლევად პროკურატურის მხრიდან ბოლომდე ყველაფერი არ გაკეთებულა და ნანუაშვილს ურჩია ომბუდსმენის აპარატი საგამოძიებო უწყებას გარკვეულწილად დახმარებოდა, თუმცა ნანუაშვილს აღნიშნულზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.
"დავსვი საკითხი, ხომ არ ღირდა, რომ რაღაცნაირად დაგვეკვალიანებინა სამართალდამცავი ორგანოები, რომ ცოტა უფრო შორს წასულიყვნენ თავიანთ გამოძიებაში. სახალხო დამცველმა ეს მოისმინა და არაფერი არ თქვა. ეს რამდენიმეჯერ გამეორდა და ფაქტია, რომ ასეთ თემებზე მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ახლანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ არის დამოუკიდებელი და იგი შეზღუდულია გარკვეული სიტუაციებით და საბოლოო ჯამში, იგი არ არის ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან მას არ სურს რაღაც პრობლემებზე ღიად საუბარი. ალბათ ანგარიშვალდებულია ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ პირთან,"- განაცხადა ნათია იმნაძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმნაძემ მისი და მისი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების - მაია გიგინეიშვილის, ამირან ნიკოლაიშვილის და გურამ ბედნდიაშვილის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის საფუძველი ომბუდსმენის აპარატის ყოფილი თანამშრომლების მიერ მომზადბული კრიტიკული ანგარიშები გახდა.
"მიმაჩნია, რომ დასახელებული მიზეზი არის ფორმალური და ჩვეი გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ ჩვენს მიერ ობიექტურად ხდებოდა საჯელაღსრულების სისტემაში და სხვა დახურულ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის შეფასება. ჩვენ ვითხოვდით გარკვეული საკითხების გასაჯაროებას და ამის გამო ხშირად გვქონდა კამათი ხელმძღვანელობასთან,"- აღნიშნა იმნაძემ.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მისი ყოფილი თანამშრომლების ბრალდებების საპასუხო განცხადების გაკეთებას უახლოეს საათებში გეგმავს.