საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუს აფასებს და მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი გამოხატავს სრულ უცოდინარობას როდესაც ამბობს, რომ შეიძლება სხვა პოზიცია ჰქონდეს რუსეთის საპატრიარქოს და სახელმწიფოს.
"ის კაპიტულანტური კურსი რუსეთთან მიმართებაში, რაც ივანიშვილს ჰქონდა, გრძელდება. თვითონ მარგველაშვილს თავისი კურსი არ გააჩნია, ამასთან ერთად გამოხატავს სრულ უცოდინარობას როდესაც ამბობს, რომ შეიძლება სხვა პოზიცია ჰქონდეს რუსეთის საპატრიარქოს, ვიდრე რუსეთის სახელმწიფოს. რუსეთის საპატრიარქო და რუსულ;ი სახელმწიფო იმპერიული, მეფის რუსეთიდან მოყოლებული ყოველთვის ერთიანად მოქმედებდნენ. უნდა გვქონდეს ცალსახა პოზიციები იგივე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, რომელთანაც მთავრობას ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია რა უნდა გააკეთოს. მეტი რა უნდა მოხდეს?! მან უკვე მოაწყო საქართველოში ეთნოწმენდა, მიდის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია და ამას სჭირდება ცალსახა პასუხი,"- განაცხადა შოთა მალაშხიამ.
არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნულ ოპლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, ეს შესაძლოა გახდეს კარგი დასაწყისი იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული პოლიტიკური დაძაბულობის დონე დაიწიოს.
მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობების აუცილებლობაზეც, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო არჩეულ დასავლურ კურსს არ გადაუხვევს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი განსაკუთრებულად გაახარა რუსეთის პატრიარქის მილოცვამ, რადგან ურთიერთობები უნდა განაახლონ ხალხმა და სასულიერო პირებმა, ხელისუფლებამ კი ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.